რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში საბრძოლო მასალების საწყობზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. ეს BBC-ს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” დაუდასტურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას მედიასაშუალებები არ ასახელებენ. წყაროს თანახმად, ტოროპეცში წარმატებით შეუტიეს და გაანადგურეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების, „ისკანდერის” და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, “ტოჩკა უ-ს" რაკეტები, საავიაციო ბომბები და არტილერიის საბრძოლო მასალები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შემდეგ დაიწყო უძლიერესი დეტონაცია და ხანძარმა მოიცვა, სულ მცირე, ექვსი კილომეტრის სიგანის ტერიტორია. წყაროს თანახმად, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი ოპერაცია. ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 54 დრონის ჩამოგდებას იუწყება, თუმცა არაფერს ამბობს ტოროპეცზე რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას დაიწყო. რეგიონის ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება. ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. სად, დაკონკრეტებული არ ყოფილა. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავდასხმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტვერის ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ხანძრის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ რეგიონების, სადაც, მისი ინფორმაციით, 18 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ „გაანადგურეს“ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ჩამონათვალში ტვერის ოლქი არ ყოფილა. ...