პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარაუდობს, რომ აბრამიძე საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი. „ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… მიუხედავად იმისა რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია… ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“, - ვკითხულობთ ნინო წილოსანის პოსტში. კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ფორმულამ“, "მთავარმა არხმა" და „TV პირველმა“ გაავრცელეს კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები. მასში, სავარაუდოდ, ის კაცი ჩანს, რომელიც უკვე დაკავებულია. მან კორპუსი შესვლიდან 14 წუთში დატოვა. ასევე ნახეთ პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს, 84 ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატთა შორის იყო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანიც. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადება გაავრცელეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. მათ დაგმეს სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში. ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა. კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი...