ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი არ ჩაერია, რომ ვაჭრობა შეეჩერებინა. Reuters-ის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ამბობენ წყაროები და ამას საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს. ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები. ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან უკრაინას, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება. უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს თხოვნას ოფიციალურ კომენტარზე, რომლითაც მათ “როიტერსმა” მიმართა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ნახეთ მოდი მოუწოდებს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს მანამდე, 8-9 ივლისს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რასაც კიევის უკმაყოფილება მოჰყვა. ასევე ნახეთ ინდოეთის პრემიერი რუსეთში შეხვდება პუტინს ინდოეთმა, ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, უარი თქვა მიერთებოდა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთთან თანამშრომლობა დელის იაფი რუსული ნავთობის მიღების საშუალებას აძლევს. ...