98-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სენაკის რაიონულმა სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა. ის პოლიციამ მუქარის ბრალდებით 12 ივნისს დააკავა. მოძრაობის, "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრის, ინდიკო ბჟალავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მისი მეგობრები და ახლობლები დღეს არ მოელოდნენ. „ინდიკო ბჟალავა უდანაშაულოა და ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. მიუხედავად ამისა, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდით. შემდეგ სხდომაზე უნდა დამდგარიყო ეს საკითხი... მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები ინდიკო ბჟალავასთვის ასეთი მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის გასაგრძელებლად, რომ ის დარჩენილიყო პატიმრობაში. ამიტომ გირაოს სანაცვლოდ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობის, "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრმა, ბრალდებულის მეგობარმა ცოტნე თვარაძემ. ის დარწმუნებულია, რომ ინდიკო ბჟალავას საბოლოო განაჩენიც გამამართლებელი იქნება, რადგან სასამართლოში უკვე გამოკითხული მოწმეები მხოლოდ ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებენ. ცოტნე თვარაძის თქმითვე, სხვა აქტივისტებთან ერთად, ინდიკო ბჟალავა ბალდის კანიონისთვის ბრძოლის გაგრძელებას პირებს. მუქარის ბრალდებით დაკავებული ინდიკო ბჟალავას მორიგი სასამართლო პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში 3 ოქტომბერს ჩაინიშნა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 ივნისს 31 წლის ინდიკო ბჟალავა მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც თავად ბრალდებული, ასევე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. ისინი ირწმუნებიან, რომ ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი. მათი განმარტებით, ბჟალავას 11 ივნისს დილის საათებში თავად გამოელაპარაკა სოფო შავყულაშვილი და პროვოკაციის მოწყობა სცადა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაჭრეს ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან. მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ძმები ხურცი...