ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება. ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ცალკე შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან. „ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არსებულ ვითარებას, მათ შორის უკრაინის სტრატეგიულ გეგმებს და უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდასაჭერისადმი, სანამ ის ომში გაიმარჯვებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ზელენსკის პრესმდივანმა იური ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს აშშ-ში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ნიკიფოროვმა ასევე დაადასტურა, რომ დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები ბაიდენთან და ჰარისთან. ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც პრესმდივანმა თქვა, მას წარუდგენს ე.წ. გამარჯვების გეგმას - საუბარია სტრატეგიულ გეგმაზე რუსეთისადმი წინააღმდეგობისა და უკრაინის პირობებით მშვიდობის შესახებ. ზელენსკიმ ახლახან არაერთხელ ისაუბრა მის შემუშავებაზე და აღნიშნა, რომ იგი მას ამერიკელ ლიდერებს წარუდგენს შეერთებულ შტატებში თავისი მოახლოებული ვიზიტის დროს. ცნობილია, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია დასავლური შორი მოქმედების იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების დარტყმის ნებართვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ჯერ არ მიუციათ უკრაინისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აპირებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას და მოლაპარაკებების გამართვას რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. ...