ამერიკის კენტუკის შტატში მოსამართლე კევინ მალინსი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია შერიფი შონ სტაინსი. 54 წლის მალინსი ლეტჩერის ოლქის მოსამართლე იყო. 43 წლის სტაინსი ამავე ოლქის შერიფია. კენტუკის პოლიციის ინფორმაციით, მოსამართლე მალინსი ლეტჩერის ოლქის ქალაქ უაიტსბერგში, სასამართლოს შენობაში, თავის სამუშაო კაბინეტში მოკლეს 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში. წინასწარი გამოძიების თანახმად, შერიფმა სტაინსმა მოსამართლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რასაც წინ უძღოდა მათ შორის კამათი. რამ გამოიწვია უთანხმოება, ამის შესახებ პოლიცია საჯაროდ არაფერს იუწყება. შონ სტაინსს, რომელიც პოლიციას წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა, მკვლელობის გამო ბრალი უკვე წაუყენეს. კენტუკის შტატის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლოურენს ვანმეტერმა მოსამართლე კევინ მალინსის მკვლელობას შოკისმომგვრელი უწოდა. შტატის გენერალური პროკურორის, რასელ კოულმანის განცხადებით, საქმეს დეტალურად გამოიძიებენ. კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიერმა ფეისბუკში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ძალადობაა და ლოცულობს, რათა იპოვონ გზა უკეთესი მომავლისკენ. ...