რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, გამომძიებელი ჟურნალისტი ნიგერიდან სამირა საბუ, პალესტინელი ჟურნალისტი შრუკ ალ აილა და გვატემალელი ჟურნალისტი კუიმი დე ლეონი გახდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრიზის, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებსაიტი იტყობინება. კურმაშევამ რუსეთის ციხეში 288 დღე გაატარა. მას ბრალი ედებოდა რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში. დევნის მიზეზი იყო Idel.Realii-ს რედაქტორების მიერ გამოცემული წიგნი „არა ომს. 40 ამბავი რუსებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში შეჭრას“. 19 ივლისს თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტს 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1 აგვისტოს ჟურნალისტი გაათავისუფლეს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმრების მასობრივი გაცვლის ფარგლებში. ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები? სამირა საბუ ნიგერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია. ის დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ რეპორტაჟების გამო. შრუკ ალ აილა დამოუკიდებელ საპროდიუსერო კომპანია Ain Media-ს ჩაუდგა სათავეში მას შემდეგ, რაც მისი ქმარი - კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი - დაიღუპა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას. კუიმი დე ლეონმა დააარსა საინფორმაციო სააგენტო Prensa Comunitaria, რომელიც სპეციალიზებულია გარემოსდაცვით და ადამიანის უფლებების საკითხებზე. ასევე ნახეთ 4 ჟურნალისტს შორის, რომლებსაც CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ, ნიკა გვარამიაცაა „პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო სიმბოლოა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსი, რასაც ჟურნალისტები ეწევიან მთელ მსოფლიოში, რათა გაავრცელონ ინფორმაცია სიმართლის მიჩქმალვის სასტიკი მცდელობების მიუხედავად“, - თქვა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოდი გინსბერგმა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ასევე სიკვდილის შემდეგ მიაგებს პატივს კრისტოფ დელუარს, რომელიც გენერალური დირექტორი იყო ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, და მას მიანიჭებს პრემია Gwen Ifill Press Freedom Award-ს, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა პრესის თავისუფლებისადმი ერთგულების აღსანიშნავად. დელუარი 2024 წლის ივნისში გარდაიცვალა კიბოს გართულების შედეგად. ...