პარტიები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ზუგდიდში 19 სექტემბერს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფიზიკური შეხლა-შემოხლა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, 19 სექტემბერს ორჯერ მოხდა, მაშინ, როცა პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აქტივისტებთან ერთად მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. დეპუტატმა დღეს, 20 სექტემბერს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიზანმიმართულად, ენმ-ის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მიზნით, მოაწყო ორგანიზებული თავდასხმა, რომელშიც 100-მდე ადამიანი, მათ შორის საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უჩვენა ფოტოები, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ჩანან ინციდენტში მონაწილეები და ორგანიზატორები.три დაპირისპირება ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 19 სექტემბერს ორჯერ მოხდა. ენმ-ის ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიიღო მათმა აქტივისტმა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დღის განმავლობაში პოლიციაში გამოიკითხება დეპუტატი ანა წითლიძე. ...