„მაშინ, როდესაც ბრალდების მხარემ კვალიფიკაციად განსაზღვრა გენდერის ნიშანი და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ეს გამომდინარეობს ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან. გარდაცვლილის მეგობრების, მეზობლების მიერ არის მოწოდებული, ჩვენებებით არის დადასტურებული ის ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას გარდაცვლილს [კესარია აბრამიძეს]. ეს მოხდა არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის დროს, არამედ, მანამდეც, რაც ამ ეტაპზე, დადასტურებულია ჩვენებებით“, - თქვა პროკურორმა. პროკურორის ცნობითვე, ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი ქალი იყო, ამავდროულად, მისივე სიტყვებით, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, „რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“. „მისი მოთხოვნა იყო გარდაცვლილის მიმართ, რომ ეს ინფორმაცია [ურთიერთობის შესახებ] არ გასაჯაროებულიყო“, - თქვა პროკურორმა. მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ტაქსით გაემგზავრა. გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლის ჩვენებით დასტურდება, რომ ბექა ჯაიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა. ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს 20 სექტემბერს კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულის პოზიციაა, სასამართლოსთვის მიენდო გადაწყვეტილება, საქმეში არსებული საფუძვლების მიხედვით. მათივე თქმით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს დაინიშნა. კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს. ასევე ნახეთ „სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ - რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე ...