19 სექტემბრის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა „ბელარუს-1“-მა აჩვენა პროპაგანდისტული ფილმი ოპოზიციის ლიდერის იური ზენკოვიჩის შესახებ. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების“ მუხლით. ზენკოვიჩი, რომელიც სამწელიწად-ნახევარი იმყოფება პატიმრობაში, ძალიან გამხდარი ჩანდა. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური წერს, რომ ზეწოლის ქვეშ მან გააჟღერა ალექსიანდრ ლუკაშენკას რეჟიმის „დამხობის გეგმის“ სავარაუდო დეტალები. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ზენკოვიჩი ჩაწერეს მოგილიოვში მდებარე მე-4 ციხის კედლებში, რომელშიც პოლიტპატიმრები უკიდურესად მკაცრ პირობებში იმყოფებიან. ვიდეოჩანაწერის ბოლოს, ზენკოვიჩმა, რომელიც ბელარუსისა და შეერთებული შტატების მოქალაქეა, პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს მიმართა, დაეხმარონ მას შეერთებულ შტატებში დაბრუნებაში. პიტერ კაუფმანმა, ბელარუსში აშშ-ის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, დაგმო ბელარუსის სახელმწიფო არხზე პროპაგანდის მიზნით ზენკოვიჩის ჩვენება. „შესაფერისი კონტენტის შექმნის მიზნით რეჟიმის მიერ იძულების ტაქტიკის გამოყენების ისტორია, ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მოქალაქის მონაწილეობის ნებაყოფლობით ხასიათს“, - განაცხადა კაუფმანმა. დიპლომატმა უარყო ვიდეოში გაკეთებული განცხადებები, რომელიც სავარაუდო შეთქმულების ფინანსურ ორგანიზებაში აშშ-ის მონაწილეობას შეეხება. იური ზენკოვიჩი 2022 წლის სექტემბერში გაასამართლეს. მასთან ერთად გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პოლიტოლოგ ალექსანდრ ფედუტას და ბელარუსის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერს გრიგორი კასტუსიევს. ფედუტა და ზენკოვიჩი 2021 წლის აპრილში მოსკოვში ფსბ-ს ოფიცრებმა დააკავეს და შემდეგ მინსკში გადაიყვანეს. ალიაქსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მსჯავრდებულები, სავარაუდოდ, მისი და მისი ვაჟების დახოცვას ისახავდნენ მიზნად. 2020 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად მეექვსე ვადით არჩეულია ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია ამას არ დაეთანხმა. იგი აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მათმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. გაყალბების წინააღმდეგ და დემოკრატიის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი გამოსვლები. უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს ახორციელებდნენ. უფლებადამცველთა მონაცემებით, აქციების დაშლისას დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის ათასობით საქმე. ასობით მოქალაქეს, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, ხანგრძლივი ვადით მიესაჯა პატიმრობა. ასევე ნახეთ ლუკაშენკამ შეიწყალა 37 პოლიტპატიმარი ...