უკრაინის არმიის სადესანტო-მოიერიშე ძალების 95-ე ბრიგადის სამხედროებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ამის შესახებ დღეს, 23 სექტემბერს, იუწყება სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლობა. სადესანტო ჯარების კომუნიკაციების სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში საზღვრის კონკრეტული მონაკვეთი დასახელებული არ არის. ნათქვამია, რომ ეს საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს საზღვრის გარღვევის ოპერაციას და უკრაინელი ტანკისტების მიერ მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტის განადგურებას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მხრიდან საზღვრის მორიგ გარღვევაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ასევე ნახეთ The Guardian: რუსი სამხედროები მოელოდნენ უკრაინის იერიშს კურსკის ოლქში ასევე ნახეთ Politico: კურსკის ოპერაცია ზელენსკის აზრი იყო, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ გენერლები, მათ შორის ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წლის 6 აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. სექტემბრის პირველ ნახევარში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ კონტრშეტევის შედეგად ათეულობით დასახლება უკვე დაიბრუნეს. 18 სექტემბერს უკრაინულმა მხარემ გამოაცხადა, რომ კონტრშეტევა შეჩერებულია. ...