რუსეთის ხელისუფლებამ მოამზადა დადებითი დასკვნა წინადადებაზე, შემოიღონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ "რუსოფობიის" შემთხვევებზე. "რუსოფობიაში" კანონმდებლები გულისხმობენ უცხოეთის ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას ან ამგვარი ნაბიჯებისკენ საჯარო მოწოდებებს. პროექტში ნათქვამია ისიც, რომ მსგავსი მუხლებით პირების გასამართლებას რუსეთის სასამართლოები შეძლებენ დაუსწრებლად, განსასჯელთა იქ ყოფნის გარეშე. პროექტით, უცხოელ პირებს, რომლებსაც დამნაშავედ ცნობენ, აეკრძალებათ რუსეთში "გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმოება". რუსეთის მინისტრთა კაბინეტში კი თვლიან, რომ ამგვარი სასჯელის სისრულეში მოყვანა რთული იქნება, რადგან საქმე ეხება უცხოეთში მცხოვრებ პირებს. "რუსოფობიაზე" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე მოწოდებები რუსეთში უკვე გასული წლის ბოლოს ისმოდა. მაშინ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა სამთავრობო კომისიამ, რომელიც კანონპროექტების წარმოებაზე მუშაობს. კანონპროექტში ლაპარაკია რუსეთის მოქალაქეების და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირების დისკრიმინაციაზე უცხოეთში, ქვეყნის შიგნით "რუსოფობიისთვის" სასჯელი არ არის გათვალისწინებული. ასევე დაკონკრეტებული არ არის ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად. "რუსოფობიაზე", რომელმაც თითქოს დასავლეთის ქვეყნები მოიცვა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ. "რუსოფობიის" შემთხვევებად, მათ შორის, მიიჩნევენ ამა თუ იმ პირის შეყვანას სანქციების სიაში და სხვადასხვა შეზღუდვას, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთში უწესებენ. ასევე ნახეთ რუსეთი აჩერებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და მიზეზად “ტოტალურ რუსოფობიას” ასახელებს ...