ანტიკორუფციული ბიურო "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპას". ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის." ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მან განმარტა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ. "მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს", - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე. ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რომელი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეებს, მას მაგალითები არ მოუყვანია, თუმცა თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში დაინტერესებული პირი ადვილად დაინახავს კანონდარღვევის შემთხვევებს. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაში მართლაც არის მოყვანილი საჯარო შეხვედრებსა და სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო საარჩევნო მიზნის შესრულების ინსტრუმენტად მიიჩნევს. "დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა არა მარტო გვაშორებს სასურველ მიზანს, არამედ აქამდე მიღწეული ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის", - ეს არის ერთ-ერთი ვიდეორგოლის შინაარსი, რომელიც ბიუროს მაგალითად მოჰყავს. სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა, არის რეგისტრირებული ა(ა)იპი. ორგანიზაციის მიზანია, „დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი“. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუს პროფესორი, პოლიტიკის ა...