პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში არ იქნება. 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას. „მე არ ვიქნები საარჩევნო [პარტიულ] სიაში. მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, მე ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია „ახალის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს", - თქვა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა ერთ-ერთი დაპირება - ხელისუფლებაში ახალი ადამიანების მოსვლის ხელშეწყობა. როგორც გვარამია განმარტავს, ახალ ადამიანებში იგულისხმება არა მხოლოდ ახალ თაობა, არამედ ის ხალხი, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა. „ჩემი კონკრეტული ერთი მაგალითით მინდა სხვა პარტიებს და ზოგადად საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია: მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს. ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ ხალხთან მნიშვნელოვანია კომუნიცირებდნენ ასევე ისინი, ვინც რეალურად ახლა იწყებს პოლიტიკურ გზას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და არც მომავალ მინისტრთა-კაბინეტში ხედავს საკუთარ თავს. „მე პერსონალურად ხელი მაქვს მოწერილი (ჩვენს პარტიასა და კოალიციასაც) „ქართულ ქარტიაზე“, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული იყო და ჩვენ ამ „ქარტიის“ ერთგული ვრჩებით, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი, ე.წ. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი“, - დაამატა გვარამიამ. პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ...