ქალაქი უგლედარი ამჟამად რუსების ალყაშია, რის გამოც არსებობს რუსეთის ჯარების წინსვლის რისკი და სხვა საფრთხეები. კერძოდ, რუსეთის არმია ცდილობს შეუტიოს ფლანგებიდან, რადგან იქ არ არის შენობები, სადაც უკრაინის ძალები შეძლებდნენ თავდაცვის ორგანიზებას. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში უკრაინის სახმელეთო ჯარების რეზერვისტების საბჭოს თავმჯდომარემ, ივან ტიმოჩკომ განაცხადა. „რუსეთის არმია უგლედარს უტევს ფლანგებიდან, სადაც ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებობს გარკვეული წინსვლა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ვინმე ამაზე ლაპარაკობდეს, როგორც უგლედარის ალყაზე. ქალაქი ამჟამად ოპერატიულ ალყაშიც არ იმყოფება. დიახ, ქალაქში და ქალაქის გარშემო სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ალყა და ფლანგებზე ბრძოლა“, - განმარტა ივან ტიმოჩკომ. მანამდე ანალიტიკურმა პროექტმა Deep State-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია ცდილობს უგლედარის ალყაში მოქცევას, ანადგურებს რა დასახლებულ პუნქტს საარტილერიო დანადგარებითა და კორექტირებადი საავიაციო ბომბებით. ანალიტიკოსები ქალაქის გარშემო შექმნილ ვითარებას აფასებენ, როგორც კრიტიკულს და აღნიშნავენ, რომ რუსეთის არმიამ აქ ნახევრად ალყაში მოაქცია უკრაინის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პოზიცია. სიტუაციის კრიტიკულობა, Deep State-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ აღნიშნული ბრიგადა ამ მიმართულებაზე როტაციის გარეშე უკვე ორ წელზე მეტხანს იბრძვის. რუსეთის არმია სექტემბრის დასაწყისიდან უტევს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარს. უგლედარს, რომელშიც ომამდე 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იგი ამაღლებულ ადგილზე და ორი ფრონტის - აღმოსავლეთის (დონეცკის რეგიონი) და სამხრეთის (ზაპოროჟიე) - შესაყარზე მდებარეობს. ქალაქიდან აღმოსავლეთით 18 კმ-ში გადის რკინიგზა, რომლითაც რუსეთის არმიას შეუძლია ჯარებისა და აღჭურვილობის გადასროლა დონეცკი-ვოლნოვახის ხაზის მიმართულებით და უფრო შორს, სამხრეთში. ასევე ნახეთ რუსეთის ჯარები უგლედარისკენ მიიწევენ, აიღეს სოფელი პრეჩისტოვკა ...