საქართველოში აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევი. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, - მოგვწერა აშშ-ის საელჩომ. ასევე ნახეთ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია - „ამერიკის ხმა“ მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯები, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „აირჩიე ევროპის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ. "ამერიკის ხმას" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს მოსაწვევის გაუქმება. მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. ასევე ნახეთ საგარეო უწყება დავით ზალკალიანის გადადგომას არ ადასტურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში იმყოფება, ის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ...