უკრაინის დედაქალაქ კიევში და რეგიონების ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსულ რაკეტებს და დრონებს იგერიებდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 62 წლის ქალი. დაზიანებულია შენობები და ავტომობილები. ზაპოროჟიეში დაიჭრა 8 ადამიანი. დაზიანებულია 10-ზე მეტი სახლი. ნიკოლაევის ოლქში შეტევა იყო ენერგოობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოობიექტებზე დრონებით თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ივანო-ფრანსკოვსკის ნაწილსაც. რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერის რაიონში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოჰყვა 5-სართულიანი სახლის გაზის მილის ჰერმეტულობის დარღვევას. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც და 20-მდე ავტომობილი. ასევე ნახეთ "ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა", - ზელენსკი უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს შეუტიეს ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტით(Х-59/69), ხოლო სუმის ოლქს - დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტით. უკრაინელი სამხედროების ცნობითვე, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 უპილოტო საფრენი აპარატიც. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ჩამოაგდეს 66 დრონი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრდის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავის, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში. ...