გროზნოში კადიროველებმა (ასე ეძახიან რამზან კადიროვის მომხრე შეიარაღებულ რაზმელებს. რედ.) მოიტაცეს თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის (იჩქერია) პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ბიძაშვილი. ლომ-ალი იდიგოვი, რომელიც მოსკოვში ბიზნესით არის დაკავებული, 17 სექტემბერს ჩავიდა მშობლიურ სოფელ კატაიამში, საიდანაც ის შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიი“ ოპოზიციურ ტელეგრამის არხ „1 ადათზე“ დაყრდნობით იუწყება. მას შემდეგ ის ბრალის წარდგენის გარეშე იმყოფება გროზნოს პოლიციის სამმართველოში. „1 ადათის“ თანახმად, იდიგოვი არ ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას და მიანიშნებს, რომ მისი დაკავების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ინსტაგრამში ჯოხარ დუდაევის ფოტოს გამოქვეყნება. იდიგოვის გატაცების შესახებ ინფორმაცია "კავკაზ. რეალიის" სხვა წყაროებმაც დაუდასტურეს. ჩეჩნეთის ხელისუფლება უგულებელყოფს ნათესავების მიმართვებს და არ იძლევა ინფორმაციას მისი დაკავების მიზეზებზე. ჯოხარ დუდაევი (1944–1996) იყო ჩეჩენი სახელმწიფო მოღვაწე, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი და თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის (იჩქერია) პირველი პრეზიდენტი. დუდაევი 1996 წლის 22 აპრილის ღამეს გროზნოდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ გეხი-ჩუსთან დაიღუპა. რუსმა სამხედროებმა მისი სატელიტური ტელეფონის სიგნალი აღმოაჩინეს იმ დროს, როდესაც დუდაევი სახელმწიფო დუმის დეპუტატ კონსტანტინე ბოროვოისთან საუბრობდა. პოლიტიკოსი ბომბდამშენ სუ-24-იდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმით მოკლეს. ასევე ნახეთ ჯოხარ დუდაევი - ჩვილობიდან დევნილი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი საქართველოზე ...