თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი. კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული. ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები: 4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 25 - „გახარია საქართველოსთვის“. რადიო თავისუფლებას პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს, "რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" კამპანიაა და მმართველი პარტიის შეკვეთით დამზადდა და გაეკრა". მათი განმარტებით, ის ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, "საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას". კითხვაზე, რა თანხა გადაიხადა პარტიამ ბანერების დამზადებაში, "ქართულ ოცნებაში" გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ. მათ არ უპასუხეს შეკითხვას, მსგავსი ბანერები მხოლოდ თბილისში იქნება გამოკრული თუ რეგიონებშიც. სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე წერს, რომ „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი” უნახავს. “რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ !” три "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ მათი დამსახურებაა, რომ საქართველოში მშვიდობაა და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანას ომი მოელის. საქართველოს ხელისუფლების ამ ნარატივს იზიარებენ რუსი პოლიტიკოსებიც. ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" პარტიული სია გამოქვეყნდა ...