ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა სირია-ლიბანის საზღვრისპირა ინფრასტრუქტურაზე, რათა ხელი შეუშალოს ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებას სირიიდან, არმიაზე დაყრდნობით იტყობინება Reuters-ი. არმია აცხადებს, რომ “ჰეზბოლა ამ საბრძოლო საშუალებებს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ის გააგრძელებს დარტყმების მიყენებას და მოქმედებას ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მცდელობის წინააღმდეგ, შეიარაღდეს და ლიბანში იარაღი სირიიდან შეიტანოს”. ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიემ Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე გახდა მცირე ზომის ხიდის სირიული ნაწილი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ლიბანში მოხვედრა. ისრაელმა, რომელმაც ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მის წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მხოლოდ 25 სექტემბერს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია. ჰეზბოლას ირანი უჭერს მხარს და ეხმარება. ლიბანში საბრძოლო მოქმედებების ზონა დატოვა ათასობით ადამიანმა. ასევე ნახეთ ისრაელს და ჰეზბოლას 21-დღიანი ზავისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს ...