იაპონიის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პირი, რომელსაც 1968 წელს სიკვდილი მიუსაჯეს რამდენიმე პირის მკვლელობისთვის. ივაო ჰაკამადას, რომელიც ამჟამად 88 წლისაა, ბრალად ედებოდა თავისი უფროსის, მისი ცოლისა და ორი შვილის მკვლელობა და მათი სახლისთვის ცეცხლის წაკიდება. იაპონელმა, როგორც მოგვიანებით განაცხადა, აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა. სასამართლომ ჰაკამადას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. მომდევნო 46 წელი მან ციხეში გაატარა სიკვდილით დასჯის მოლოდინში. ეს ყველაზე ხანგრძლივი ვადაა სიკვდილმისჯილთა შორის. 2014 წელს ახალი ფაქტები გამოიკვეთა - საქმე განსახილველად გაიგზავნა, ჰაკამადა კი გაათავისუფლეს. ათი წლის შემდეგ, დღეს, 26 სექტემბერს, სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პროფესიონალი მოკრივის, ჰაკამადას მიმართ წაყენებული ბრალეულობის მტკიცებულებები გაყალბებული იყო. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ჰაკამადა „გონებრივი და ფიზიკური ტკივილის მიყენებით“ გახდა იძულებული ეღიარებინა დანაშაული, ხოლო სისხლიან ტანსაცმელზე არსებული დნმ არ ემთხვეოდა ბრალდებულის დნმ-ს - გამომძიებლებმა ის სისხლით მოთხვარეს და დანაშაულის ადგილზე დატოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად ჰაკამადა, რომლის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა ხანგრძლივი პატიმრობის პერიოდში. ხელახალ სასამართლო პროცესზე მის ინტერესებს წარმოადგენდა მისი უფროსი და, 91 წლის ჰიდეკო ჰაკამადა. ...