ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო ათიათასობით ადამიანი იძულებულია, საცხოვრებელი მიატოვოს და საგანგებო თავშესაფრებს მიაშუროს. 70 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული საგანგებო ცენტრებში, განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაუოლაუიმ. სახელდახელო თავშესაფრებად გადაკეთდა უპირატესად სკოლები. ქვეყნის სამხრეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება. სირიაში მოქმედი სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია ასი სირიელი დევნილი. ლიბანს თავს აფარებს მილიონ-ნახევარი სირიელი, რომლებიც ომსა და რეპრესიებს გაექცნენ. სირიის მონაცემებით, კვირის დასაწყისიდან სირიას ლიბანიდან მიაშურა 22 ათასმა ადამიანმა. ამის ფონზე, ლიბანში ისრაელი განაგრძობს იერიშს ჰეზბოლას წინააღმდეგ. გერმანიის მედიის თანახმად, არმია განაგრძობს შეტევას ბეირუთზე, თუმცა დეტალები არ ვრცელდება. ლიბანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 24 სექტემბრის საღამოს 20 ადამიანი დაიღუპა ბეკაას ველზე სირიელი მუშების საცხოვრებელზე თავდასხმისას. ისრაელმა უარყო ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო წინადადება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ უფრო მეტი ძალით შეებრძოლებიან ტერორისტულ ორგანიზაციას მანამ, სანამ ისინი რაკეტების სროლას არ შეწყვეტენ, რათა საზღვრისპირა არეალებში ისრაელის მოქალაქეებმა შინ დაბრუნება შეძლონ. აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად, ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროპის და არაბულმა ქვეყნებმა. ასევე ნახეთ ისრაელს და ჰეზბოლას 21-დღიანი ზავისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს ...