პეტერბურგის დიდმა ბიბლიოთეკებმა შეწყვიტეს ბორის აკუნინის წიგნების გაცემა. ამის შესახებ 26 სექტემბერს წერდა „ვაჟნიე ისტორიი" ერთ-ერთ მკითხველზე დაყრდნობით, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ უარი უთხრეს აკუნინის წიგნებზე რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლერმონტოვის სახელობით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მკითხველი შეეცადა მოეძებნა რამდენიმე წიგნი სერიიდან "რუსული სახელმწიფოს ისტორია". ეროვნულ ბიბლიოთეკაში უთხრეს, რომ მკითხველისთვის მიუწვდომელია ბორის აკუნინის მიერ დაწერილი ყველა წიგნი. ლერმონტოვის ბიბლიოთეკაში მას უთხრეს, რომ ეს სერია "ამოიღეს ბიბლიოთეკებიდან". „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტმა მოგვიანებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დარეკა, როგორც ვითომ მკითხველმა და აკუნინის წიგნების შესახებ იკითხა. მას ბიბლიოთეკის თანამშრომელმა განუმარტა, რომ აკუნინის ნაწარმოებების გაცემა მას შემდეგ შეწყდა, რაც მწერალი ექსტრემისტად გამოცხადდა. რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგში აკუნინის ნამუშევრების უმეტესობა მონიშნულია, როგორც „მიუწვდომელი“. რუსეთის კანონით, ავტორის ექსტრემისტად გამოცხადება ავტომატურად არ იწვევს მისი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას. ამისთვის ისინი უნდა მოხვდნენ ექსტრემისტული მასალების სიაში. აკუნინის წიგნები ამ რეესტრში არ შედის, აღნიშნავს „ვაჟნიე ისტორიი.“ ბორის აკუნინმა რუსეთი 2014 წლიდან დატოვა და ლონდონში გადასახლდა. მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა, დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. როსფინმონიტორინგმა ბორის აკუნინი 2023 წლის დეკემბერში დაამატა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში. მაშინ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მწერლის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. 2024 წლის იანვარში აკუნინი ე.წ. „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გამომცემლობა "ზახაროვში", რომელიც მწერლის წიგნებს გამოსცემს. გამომცემლობა АСТ-მ და მაღაზიათა ქსელმა ჩიტაი-გოროდ-ბუკვაედმა შეაჩერეს მისი ნაწარმოებების გაყიდვა. ბორის აკუნინის სახელი ამოიღეს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების აფიშებიდან. ზოგიერთმა თეატრმაც გააუქმა მათი წარმოდგენა. ბორის აკუნინი არის ქართულ-რუსული წარმოშობის რუსულენოვანი მწერლის, მთარგმნელისა და მკვლევრის, გრიგორი ჩხარტიშვილის, ლიტერატურული ფსევდონიმი. აკუნინი საქართველოშია დაბადებული. ის რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ ემიგრაციამდე. ასევე ნახეთ ბორის აკუნინი ქართველებს: პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას ...