აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა ვაშინგტონში სტუმრად მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მომავალ მოლაპარაკებებში ფინანსური დახმარების დაჩქარებით თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რომელიც მომავალი წლის იანვარში სრულდება. ბაიდენმა თქვა, რომ აშშ იზრუნებს უკრაინის სამომავლო თავდაცვისთვის. ამერიკის ლიდერმა ზელენსკის მიღებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“. "უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ გზის ყველა ეტაპზე", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ და უკრაინა „ერთნაირ ხედვას იზიარებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია და რომ უკრაინა ამ გზაზე უპრეცედენტო რაოდენობის რეფორმებს ახორციელებს“. ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს, შეხვედრამდე, გამოაცხადა, რომ აშშ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. თეთრ სახლში, ბაიდენის გარდა, ზელენსკი შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს. ზელენსკისთან შეხვედრაზე ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას, რადგან ეს მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ზელენსკიმ 26 სექტემბერს შეხვედრები გამართა ასევე კაპიტოლიუმში, სადაც შეხვდა კონგრესის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე ნახეთ "ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა", - ზელენსკი ...