აშშ უკრაინის დასახმარებლად გაზრდილი თანხით კიევისთვის შეიძენს უპილოტო საფრენ აპარატებს, საზენიტო რაკეტებს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის განმარტებით, ამ მიზნით დაიხარჯება ის 2,4 მილიარდი დოლარი, რომლის განკარგვის გადაწყვეტილება 26 სექტემბერს მიიღო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ეს თანხა გამოიყო უკრაინის დახმარების პროგრამის, Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში. პენტაგონის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, დრონების და ჰაერი-ხმელეთის კლასის საბრძოლო მასალების შეძენის გარდა, თანხა მოხმარდება თავად უკრაინაში საბრძოლო მასალების წარმოების ხელშეწყობას. 26 სექტემბერს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს საერთო ჯამში, კიდევ 7,9 მილიარდი დოლარის დახმარებას. ამერიკული მედიის ცნობით, 2024 წლის გაზაფხულიდან, როცა აშშ-ის კონგრესში გაჭიანურებული განხილვების შემდეგ დამტკიცდა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დახარჯვა ვერ მოხერხდა მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემის გამო. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ თანხა უნდა დახარჯოს ფინანსური წლის დასრულებამდე, ანუ სექტემბრის ბოლომდე. შესაბამისად, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 5,5 მილიარდი დოლარი 30 სექტემბრამდე უნდა განაწილდეს, კიდევ 2,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას კი უკრაინა მიიღებს Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის შეძენას მწარმოებლებისგან და არა აშშ-ის არსენალიდან გადაცემას. ასევე ნახეთ უკრაინა მიიღებს კიდევ 375 მილიონი დოლარის ამერიკულ სამხედრო დახმარებას 26 სექტემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მომავალი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პოზიციებს განამტკიცებს. ჯო ბაიდენის თანახმად, უკრაინას წარმატებისთვის სჭირდება დასავლეთისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და საერთაშორისო მხარდაჭერა გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან მიახლოებით. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 58,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. ...