ნიუ-იორკში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ოფიციალური შეხვედრის დაწყების წინ, ზელენსკის გვერდით მდგომმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის დასრულებისთვის იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს (ზელენსკისთან) და მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინთანაც. და ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებთ, ვფიქრობ, ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ", - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მათი ბოლო პირადი შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. "ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საერთო მოსაზრება, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს და პუტინი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და მსურს, თქვენთან ერთად განვიხილო "გამარჯვების გეგმის" დეტალები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე ნახეთ "გამარჯვების გეგმით" ზელენსკი "სამართლიანი მშვიდობის" მიღწევას აპირებს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა, სავარაუდოდ, 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი. თავად ტრამპის მხრიდან 26 სექტემბრამდე არ დადასტურებულა, რომ დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი გამყიდველია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი. მოგვიანებით, 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდებოდა თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში. ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის ომიდან გაიყვანს ...