"რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას თავდაცვის სამინისტრო შეაფასებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ბირთვული შეკავების განახლებული სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით, სწორედ ამ უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, შეიქმნა თუ არა ასეთი მოქმედების წინაპირობები. „ეს უფრო ჩვენი სპეციალისტების, ჩვენი სამხედროების პრეროგატივაა. ისინი ყურადღებით აკვირდებიან, თუ რომელი იარაღი და როგორ გამოიყენება. სწორედ ისინი აფიქსირებენ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის გარშემო შექმნილ კონფლიქტში და ისინი თავიანთ ყურადღებას არ შეასუსტებენ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. გამოცემა The Moscow Times-ის მიხედვით, ამგვარად უპასუხა პესკოვმა კითხვას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ზოგიერთი პირობა, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა, უკვე არსებობს: მაგალითად, უკრაინა მასობრივად უშვებს უპილოტო თვითმფრინავებს რუსეთის სიღრმეში და თავდასხმისთვის ასევე იყენებს რაკეტებს. პესკოვმა დასძინა, რომ კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებებზე პასუხი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, გადახედოს რუსეთის ბირთვულ დოქტრინას. „აშკარაა, რომ იმან, თუ როგორ განვითარდა საერთაშორისო მოვლენები, როგორ გამწვავდა დაძაბულობა ჩვენს საზღვრებთან, როგორ დაიწყეს ბირთვულმა სახელმწიფოებმა ომში ფაქტობრივი მონაწილეობა უკრაინის მხარეზე, როგორ მოძრაობდა ნატოს ინფრასტრუქტურა ჩვენი საზღვრებისკენ, საჭირო გახადა ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანა“, - განმარტა კრემლის პრესსპიკერმა. ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ცვლის რუსეთის ბირთვულ დოქტრინას და მნიშვნელოვნად აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზების ჩამონათვალს. კერძოდ, მისი თქმით, დოკუმენტში შედის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ქვეყნის აგრესია, თუ მას მხარს უჭერს ბირთვული სახელმწიფო, განიხილება ერთობლივ თავდასხმად რუსეთზე. ასევე ნახეთ პუტინის მორიგი ბირთვული მუქარა - რა წერია განახლებულ დოქტრინაში? პუტინი ასევე გამოვიდა ინიციატივით, დოქტრინას დაემატოს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ისეთი ტიპის „სანდო ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მდებარე სამიზნეებისკენ მასიურად გაშვებულია ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები. რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანა დაანონსდა ინფორმაციის ფონზე, რომ უკრაინამ შესაძლოა მიიღოს დასავლური რაკეტების რუსეთის სიღრმეში გაშვების ნებართვა. კრემლმა განაცხადა, რომ ცვლილებები შეიძლება ჩაითვალოს სიგნალად კიევის მოკავშირეებისთვის. ...