რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი დღეს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს. 1993 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში. მანამდე პუტინმა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარება“ არ მოულოცა. ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ სოხუმში დღეს მიმდინარეობს სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლებიც დასრულდება მუჰაჯირების სანაპიროზე კონცერტითა და ფეიერვერკებით. საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გააუქმეს. ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარებენ ერთმანეთის "დამოუკიდებლობას", მათ "დამოუკიდებლობას" ცნობს მოლდოვის არაღიარებული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი. არსებობა შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელიც ასევე აღიარებდა საქართველოს ორი ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობას. ...