ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი ქარიშხლის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. ჯერჯერობით დადასტურებულია, სულ მცირე, 130 ადამიანის სიკვდილი. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში ცხოვრობდა. ქარიშხალმა „ჰელენმა“ და წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა სწორედ ამ შტატებში გამოიწვია. მექსიკის ყურეში წარმოქმნილი ქარიშხალი 26 სექტემბრიდან ჯერ თავს დაატყდა ფლორიდას და შემდეგ ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის, ტენესის და ვირჯინიის შტატებს. პირველ ეტაპზე ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა. აშშ-ის ხელისუფლებამ „ჰელენს“ მეოთხე, უკიდურესად სახიფათო ქარიშხლის კატეგორია მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდის შემდეგ ქარიშხალმა ძალა შედარებით დაკარგა, სახლების, გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა გამოიწვია სხვა შტატებშიც. წინასწარი შეფასებით, ზარალი შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს აჭარბებდეს. ამერიკის პირველი შტატი, სადაც ქარიშხალმა „ჰელენმა“ ნგრევა გამოიწვია, ფლორიდაა. სტიქიის ზონაში დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, 600 ადამიანი. აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათი დიდი ნაწილი დაღუპულია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩრდილოეთ კაროლინის მთიან რაიონებში, სადაც წყლის მასამ წალეკა სახლები და ხიდები. სამაშველო ოპერაციას ის ართულებს, რომ გზების დიდი ნაწილი გაუვალი გახდა. შეფერხებულია ენერგომომარაგება და სატელეფონო კავშირი. ...