ასევე ნახეთ პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება „ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. მათი მოწოდებაა, გატარდეს ყველა საჭირო ზომა, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს: „ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ისევე, როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, შეძლონ ამ არჩევნებზე დაკვირვება, მუშაობის შეუფერხებლად ან მასში ჩარევის გარეშე“. წელს პირველად არსებობის 24-წლიან ისტორიაში, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) ვერ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში. მიზეზი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „აირჩიე ევროპის“ დირექტორები „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად“ ცხადდებიან. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოქალაქეებს შეხვედრების დროს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ. ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ...