საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკში, მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს მოეხსნათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი. ამასთან, პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსის შეფარდებისგან. ბიუროსადმი მოწოდების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული იყო. „ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა“, - წერია განცხადებაში. კობახიძე სტატუსის მოხსნას მიზანშეწონილად მიიჩნევს საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“(TI) 30 სექტემბერს განაცხადა, რომ არსებობის 24-წლიან ისტორიაში პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში. ამის მიზეზი გახდა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, TI გამოეცხადებინა „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკანონოდ შეაფასეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "აირჩიე ევროპა" "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „TV პირველს“ უთხრა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ სტატუსის მინიჭების საკითხზე, „დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი“. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა TI-ის შუამდგომლობა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილების შეჩერებაზე. ასევე ნახეთ PACE შეშფოთებულია „TI-საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს...