მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას. პრემიერის თქმით, მას კოვიდი ჰქონდა და სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი. პრეზენტაცია 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. „კოვიდი დამიდასტურდა, ბოლოს გუშინ გავიტესტე და შესაბამისად, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი და შემიძლია დღეიდან... კოვიდი მქონდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი“, - თქვა კობახიძემ. ირაკლი კობახიძე საჯაროდ გამოჩნდა 27 სექტემბერს თბილისში, გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღეს და 28 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 ან 9 ოქტომბერს გაიმართება. ასევე ნახეთ კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - "ქართული ოცნება" საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი. ...