ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრზე. თავდაცვის ძალების თანახმად, ავიადარტყმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი ობიექტი. BBC-ს, Reuters-ის და CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, ეს ობიექტი ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრია. შენობა მდებარეობს ლიბანის პარლამენტის და გაეროს ოფისის მახლობლად. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 6 და დაიჭრა 11 ადამიანი. 30 სექტემბრის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელის არმიამ ბეირუთის ცენტრი დაბომბა. მანამდე ჰეზბოლას ობიექტებზე ავიადარტყმები იყო სამხრეთ გარეუბნებში. ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ჰეზბოლას თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა. ასევე ნახეთ რატომ შეიჭრა ისრაელი ლიბანში? ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ ჰეზბოლას ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს, ამიტომ კონკრეტულ რაიონებზე დარტყმამდე ადგილობრივ მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 2 ოქტომბერს ისრაელმა დაადასტურა, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია ისრაელის არმიის 8 ჯარისკაცი. ჰეზბოლა აცხადებს, რომ მისი მებრძოლები თავდაცვისთვის მზად არიან და საკმარისი იარაღი აქვთ. ჰეზბოლას და მის მოკავშირეს, პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლებიც ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევენ, მხარს უჭერს ირანის ხელისუფლება. ასევე ნახეთ ირანული ბალისტიკური რაკეტები ისრაელის ცაზე, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში - რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში? ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში - ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნ...