რუსეთის სამხედრო ძალებმა 3 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, უკრაინას 105 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ეს ინფორმაცია დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი მონაცემებით, შეტევა განხორციელდა როგორც რუსეთის, ისე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 78 დრონი ჩამოაგდეს კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, როვნოს და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, ერთი რუსული დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, 23 კი „ლოკალურად დაიკარგა“ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ხმელეთზე შედეგების შესახებ სარდლობა არაფერს იუწყება. უკრაინის რეგიონებიდან მსხვერპლის ან რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზეც. სამინისტროს თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 113 უკრაინული დრონი, მათ შორის 73 ბელგოროდის ოლქში, 25 - ვორონეჟში, 14 - კურსკის ოლქში და 1 - ბრიანსკში. ხმელეთზე შედეგების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც არაფერს იუწყება. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია. ...