„ალმა“ საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მონიტორებზე რეკლამების განთავსების უფლებას ფლობს. ამ კომპანიამ გააკრა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებისა“ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სარეკლამო პლაკატები. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოიფინა „ქართული ოცნების“ სარეკლამო პლაკატები, რომლებშიც ერთმანეთთანაა შედარებული უკრაინის დაბომბილი ადგილები და ქართული ადგილები. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ სარეკლამო მასალის ბეჭდვისა და რეკლამის განთავსებისთვის ხელშეკრულება "ალმასთან" სექტემბრის ბოლოს გააფორმა. მას სარეკლამო პლაკატების განთავსება უნდოდა 20-მდე ავტობუსზე, 10 მეტროსადგურში, 50-მდე ბილბორდსა და 15 მონიტორზე. როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმა ჩიქოვანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი ლარია, რომლიდანაც 50 ათასი ლარი ავანსად გადაიხადეს. „დღეს მივიღე დირექტორისგან, გიორგი ტრაპაიძისგან, ზარი, რომ ამ სახის რეკლამას ვერ განათავსებენ და მთხოვეს ცვლილება. მიზეზი არ უთქვამს“, - ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი. რადიო თავისუფლებამ დაურეკა „ალმას“ დირექტორს, გიორგი ტრაპაიძესაც. მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სარეკლამო კომპანია „ალმას“ პარტიები დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ. ასე მოხდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც. მაშინ „ევროპული საქართველო“ ამბობდა, რომ „ალმა“ ბილბორდებზე არ აკრავდა პარტიის საარჩევნო რეკლამას, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა. ამ პლაკატზე ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ნაწარმოების, „ცხოველთა ფერმის“ პერსონაჟთან იყო შედარებული. ასევე ნახეთ "ევროპული საქართველო" "ალმას" სასამართლოში უჩივის ...