რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვის რაიონში ხანძარი იყო. კურჩატოვთან კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, საღამოს ამ რაიონში მოიგერიეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ჩამოვარდნამ აფეთქება გამოიწვია სამეურნეო დანიშნულების ობიექტზე. სმირნოვის თანახმად, ამ ობიექტს კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან კავშირი არ აქვს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგური საშტატო რეჟიმით მუშაობს და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. კრემლის მხარდამჭერმა რამდენიმე ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, კურჩატოვის რაიონში გაჩენილ ხანძარს ასახავდა. ტელეგრამ-არხი Shot-ი წერდა, რომ უკრაინელებმა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა სცადეს, წინასწარი მონაცემებით, ფრანგული ავიაბომბით, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემამ სადგურიდან ხუთ კილომეტრში მოიგერია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობები კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ან მის მახლობლად დარტყმის შესახებ. ტიხის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და თავს არ ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასევე ნახეთ ახალი ჩერნობილის საფრთხე - ატომური სადგურები ფრონტის მახლობლად უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქს დრონებით და რაკეტებით ხშირად უტევენ. კიევის თანახმად, სამიზნეა სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებსაც რუსეთი სამხედრო დანიშნულებით იყენებს. 2024 წლის აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...