საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბრიუსელზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენების შესახებ, გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. დიპლომატმა გაიხსენა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში. „ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში. რუსეთია, ვინც საქართველოში შეიჭრა 2008 წელს; რუსეთია, ვინც შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და რუსეთია, ვინც განახორციელა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს; რუსეთია, ვინც იყენებს ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, რომ არიოს ვითარება და შექმნას ქაოსი ყველგან - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, - უთხრა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს თბილისში „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციის დაწყებამდე და დაამატა, - ჩვენ, ევროკავშირი, წარმოვადგენთ მშვიდობას, წარმოადგენთ სტაბილურობას, კეთილდღეობას და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ვუღებთ კარს საქართველოს. ჩვენ თქვენ გელოდით, მაგრამ შემდეგი გარემოების გათვალისწინებით, რომელიც უპირობოა - თუ თქვენ აირჩევთ ერთი პარტიის ქვეყანას, თუ აირჩევთ, რომ არ იყოს არცერთი პოლიტიკური ოპოზიცია, თუ აირჩევთ, რომ თქვენმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დატოვონ ქვეყანა, თუ აირჩევთ ეროვნული და სხვა უმცირესობების შევიწროებას და სტიგმატიზაციას, საქართველო ვერასოდეს შევა ევროკავშირში ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“. სწორედ ამ ძალას უკავშირებს ივანიშვილი 1,2 მილიარდი დოლარის ზარალს, რომელიც მას Credit Suisse-ის თანამშრომლის, ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის გამო მიადგა. ამასთან, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან ...