სომხეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები, ნიკოლ ფაშინიანი და ჯასტინ ტრუდო შაბათს, 5 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ოფიციალური შეხვედრა გამართეს ფრანკოფონიის - მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის - მე-19 სამიტის ფარგლებში. სომხეთიც და კანადაც ამ ორგანიზაციის წევრები არიან. ლიდერებმა განიხილეს ურთიერთობების გაღრმავება და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა ტრუდოს გააცნო დეტალები აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა კანადის მხარდაჭერას სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გარდაიქმნება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში. ჯასტინ ტრუდომ კი განაცხადა, რომ მიესალმება სომხეთის მთავრობის ინიციატივას, „მშვიდობის გზაჯვარედინს“, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას ითვალისწინებს და რომელიც „აუცილებელი საფუძველია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. ...