როცა მსოფლიო ელოდება პოტენციურად "მნიშვნელოვან" დარტყმას ირანზე ისრაელის მხრიდან, ბრძოლები გრძელდება ბეირუთსა და მის შემოგარენში და მთელ ლიბანში. ამასთან, შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაც თეირანი უჭერს მხარს, აღიარებენ მეთაურის სიკვდილს ისრაელის თავდასხმების შედეგად. 5 ოქტომბერს, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ სამხედროები "ამზადებენ პასუხს" ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში განხორციელდა, თუმცა რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულ იქნა. "ისრაელის თავდაცვის ძალები ამზადებენ პასუხს ირანის უპრეცედენტო და უკანონო თავდასხმაზე ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობასა და ისრაელზე", განუცხადა AFP-ს ოფიციალურმა სამხედრო პირმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს გულისხმობდა. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დააზუსტა შესაძლო ნაბიჯისა და ვადების დეტალები. ისრაელის გაზეთმა Haaretz-მა, დაუსახელებელ ოფიციალურ სამხედრო პირებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯი იქნება "მნიშვნელოვანი". ჰამასმა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირში, განაცხადა, რომ 5 ოქტომბერს, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ლიბანის ჩრდილოეთში, ლტოლვილთა ბანაკში, დაიღუპა მისი ერთ-ერთი მეთაური. ირანის მიერ ისრაელისთვის რაკეტების დაშენის შედეგად, რომელსაც თეირანი ისრაელის არმიის მიერ ნასრალასა და სხვა მეთაურების მოკვლის გამო შურიძიებას უწოდებს, ერთი პირი დაიღუპა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის სამხრეთში მდებარე ნევატიმის სამხედრო ბაზაზე დაზიანებები ჩანს ამჟამინდელ სატელიტურ ფოტოებზე, 3 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებთან შედარებით. ...