ამ ქალაქში,13 ივლისის შეხვედრის დროს, ტრამპზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. ყოფილი პრეზიდენტი მსუბუქად დაიჭრა - ტყვიამ ყურთან გაუარა. დაიღუპა შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. ამჯერად სცენა ტყვიაგაუმტარი მინით იყო დაცული. მიტინგში პირველად მიიღო მონაწილეობა ტრამპის აქტიურმა მხარდამჭერმა, მილიარდერმა ილონ მასკმა - SpaceX-ის, Tesla-სა და სოციალური ქსელი X-ის (ყოფილი ტვიტერის) მფლობელმა. ტრამპმა თავის გამოსვლაში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიხსენა 13 ივლისის მოვლენები. მან თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: "როგორც აქ ადრე უკვე ვამბობდი..." ტრამპის თქმით, "ცივსისხლიან მკვლელს" მაშინ მისი გაჩუმება და მისი მომხრეების მოძრაობის განადგურება სურდა. ღვთის ნებით, როგორც ტრამპი ამბობს, ეს არ მოხდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მას იცავდნენ. ილონ მასკმა თავის გამოსვლაში ტრამპის მომხრეებს მოუწოდა, ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ და მივიდნენ არჩევნებზე, რომელიც ზუსტად ერთ თვეში, 5 ნოემბერს გაიმართება. მისი მტკიცებით, ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ეს შესაძლოა, მისი"ბოლო არჩევნები" იყოს. მან განაცხადა, რომ დემოკრატებმა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შეცვალონ კანონმდებლობა და აღარ დათმონ ხელისუფლება. ტრამპის ოპონენტები კი, თავის მხრივ, სწორედ რესპუბლიკელებს მიიჩნევენ დემოკრატიის საფრთხედ. ყურადღება მიიქცია მასკის ქცევამ სცენაზე - ის რამდენჯერმე შეხტა, რითაც თავისი ენთუზიაზმი გამოხატა რესპუბლიკელების კანდიდატის მიმართ. პენსილვანია, ანალიტიკოსების აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტატია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელში გამარჯვებამაც ან ტრამპს ან მის მეტოქეს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, შეიძლება მოუტანოს წარმატება მთელ ქვეყანაში. გამოკითხვების მიხედვით, პენსილვანიაში, ისევე როგორც კიდევ ექვს სხვა შტატში, მნიშვნელოვანი უპირატესობა არცერთ კანდიდატს არ აქვს. კვლავაც გაურკვეველია იმ პირის მოტივები, რომელმაც ტრამპს ესროლა ბატლერში. ხელისუფლება იძიებს ტრამპის მკვლელობის კიდევ ერთ მცდელობას ფლორიდის შტატში. სექტემბერში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გოლფის მოედანთან იყო ჩასაფრებული, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა. ასევე ნახეთ ლინკოლნ მიტჩელი: „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს არჩევნებს აშშ-ში“ ...