ლიბანის ოფიციალური მედია იტყობინება, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიში მალევე მას მერე, რაც ისრაელის არმიამ მოუწოდა მოსახლეობას, დაეტოვებინა არეალები, სადაც ჰეზბოლა იყო გამაგრებული და რომელიც არაერთხელ დაიბომბა. “მტრის თვითმფრინავებმა ორი დარტყმა განახორციელეს სამხრეთ გარეუბნებზე: პირველი წმინდა ტერეზას რაიონზე და მეორე ბურჯ ალ-ბარაჯნეზე”, - იტყობინება ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. 5 ოქტომბრის ღამით, სამხრეთ გარეუბნებზე 30 თავდასხმა განხორციელდა. ჯანდაცვის უწყების თანახმად, დაიღუპა 25 ადამიანი, ხოლო 96 დაშავდა. ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლა და ისრაელი ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე თითქმის ერთი წელია, საზღვრისპირა დარტყმებს ახორციელებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. 23 სექტემბრის შემდეგ ისრაელი დამანგრეველ დარტყმებს აყენებს ლიბანს, რის შედეგადაც 1110 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტმა პირმა დატოვა სახლები. 6 ოქტომბერს Reuters-ი იტყობინება, რომ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უზენაესმა წარმომადგენელმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ ლიბანზე საჰაერო თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა, რადგან თავდასხმა ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები. ამის შესახებ გრანდიმ მედიას განუცხადა ბეირუთში. გრანდის თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარემ და მათ, ვისაც გავლენა აქვს მათზე, უნდა შეწყვიტონ „ეს ხოცვა, რომელიც ხდება როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში“. Reuters-ი წერს, რომ გაეროს მისიამ ლიბანში (UNIFIL) გაავრცელა განცხადება, რომ ღრმად შეშფოთებულია ისრაელის “ბოლოდროინდელი ქმედებების გამო ლიბანში მისიის პოზიციების მახლობლად". ასევე ნახეთ რატომ შეიჭრა ისრაელი ლიბანში? ...