დღეს, 7 ოქტომბერს, ერთი წელი შესრულდა ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური, ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მასშტაბური თავდასხმიდან, რომელსაც 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ისრაელის მხრიდან მოჰყვა დიდი მსხვერპლის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელს ასეულობით რაკეტით შეუტია და ქვეყნის სამხრეთში ხმელეთიდანაც შეიჭრა. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის სახელმწიფოებს. ისრაელში სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით 06:29 საათზე დაიწყო. ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს, ჰამასის შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთში მდებარე კიბუც რეიმს, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა და 370-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. იმავე დღეს, ჰამასმა ისრაელის სამხრეთში კიდევ ასეულობით ადამიანი, მათ შორის სამხედროები დახოცა და მძევლად აიყვანა 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები. სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო, მონაწილეობდა ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი. მისი განცხადებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტები დედამიწის იარაა, 7 ოქტომბერი კი - სამარცხვინო დღე. ჰერცოგმა საერთაშორისო თანამეგობრობას ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სამგლოვიარო ცერემონიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ისრაელში საჰაერო განგაში გამოცხადდა ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო. ჰამასმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე ისრაელის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზიდან ნასროლი ოთხიდან სამი რაკეტა მოიგერიეს, ერთი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ასევე ნახეთ გაეროს რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს, 12 თვეში გავიდეს „პალესტინის ტერიტორიებიდან“ 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის გამო, ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში დაღუპულია თითქმის 42 000 ადამიანი. ასეულობით ათასმა თავისი სახლები დატოვა. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში ისრაელმა ცოცხლად დაიბრუნა ჰამასის ტყვეობაში მყოფი 120-მდე ადამიანი და 30-ზე მეტი ცხედარი. ისრაელის არმიის მონაცემებით, მძევლობაში რჩება 97. ...