ჯგუფ „ვეჩეს” უკრაინელმა აქტივისტებმა ბერლინის ოპერის წინ საპროტესტო აქცია გამართეს ჯუზეპე ვერდის ოპერის, “ნაბუკოს” პრემიერამდე. სპექტაკლში მთავარ როლს რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო ასრულებს. ორასამდე ადამიანს გაშლილი ჰქონდა უკრაინული დროშები და პლაკატები და სკანდირებდა ლოზუნგს: " არანაირი სცენა პუტინის თანამზრახველისთვის." ბერლინის ოპერის წინ ასეთივე საპროტესტო აქცია გაიმართა გასულ წელსაც, 15 სექტემბერს, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, რუსმა სოპრანო ანა ნეტრებკომ ლედი მაკბეტის როლი შეასრულა. მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, ოპერის დარბაზში საპროტესტო შეძახილები არ ყოფილა, ნეტრებკოს შესრულებულ ყველა არიას კი მაყურებლის მქუხარე ოვაცია ახლდა. გერმანულმა თეატრებმა ნეტრებკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს რუსეთის ხელისუფლებასთან მომღერლის სიახლოვის გამო. ნეტრებკო პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე ნახეთ „სირცხვილი“ - გააპროტესტეს რუსი სოპრანოს ბერლინის ოპერის სცენაზე დაბრუნება 2014 წელს ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სოპრანოს, რომელიც დიდი ხანია ავსტრიაში ცხოვრობს, სხვადასხვა თეატრთან პრობლემები უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე შეექმნა. 2022 წლის მარტში, ნეტრებკომ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ომს გმობს და რუსეთის ხელისუფლებაში არავის მოკავშირე არ არის. ...