„ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა. დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს. პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა. „კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. ასევე ნახეთ საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა. ...