რუსეთის სამხედროებმა ორშაბათს დილით ავიადარტყმა განახორციელეს ხერსონზე. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქში ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ხერსონის 16 მაცხოვრებელი საავადმყოფოში მოათავსეს. დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, ასევე სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები. საჰაერო თავდასხმის შედეგების ფოტოები გამოაქვეყნა უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ. რუსეთის სამხედროებს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე ნახეთ რას ნიშნავს უგლედარის დაკარგვა საალყო მდგომარეობაში მყოფი უკრაინის არმიისთვის? ბოლო თვეების განმავლობაში რუსი სამხედროები იერიშებისას სულ უფრო ხშირად იყენებენ მართვად ბომბებს ფრონტის ხაზიდან გარკვეულ მანძილზე მდებარე უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, როგორებიცაა ხარკოვი ან ზაპოროჟიე. ასეთი თავდასხმების შედეგად არაერთხელ განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იყო დაღუპულები და დაშავებულები. ხერსონიდან რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ დნეპრის გასწვრივ გამავალი ფრონტის ხაზი სტაბილური დარჩა თითქმის ორი წლის განმავლობაში. თუმცა ქალაქზე რეგულარულად ხორციელდება საჰაერო და საარტილერიო დარტყმები. 1 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ბაზარი ხერსონის ცენტრში, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ...