მეორე დღეა ხანძარს აქრობენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობტერმინალში. ამ ობიექტზე 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო. ფეოდოსიის ე.წ. მერის, იგორ ტკაჩენკოს მიერ დღეს, 8 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება. ტკაჩენკოს თანახმად, უსაფრთხოების მიზნით დროებით ევაკუირებულია „საგანგებო სიტუაციის ადგილის“ მახლობლად მცხოვრები 1047 ადამიანი. ტკაჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ მიმართა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და „ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას". პირველი ცნობები, რომ ფეოდოსიის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარია, 7 ოქტომბერს, გამთენიისას, გაავრცელეს ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევა იყო. ხანძრის გამო ფეოდოსიაში „ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს და პორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს. 7 ოქტომბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ყირიმში ჩამოაგდეს 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ფეოდოსიის ნავთობტერმინალს დაარტყეს. გენშტაბის განცხადებით, შეტევა წარმატებული იყო. ასევე ნახეთ რუსულმა „პანცირმა“ ფეოდოსიის ნავთობტერმინალი უკრაინული დრონებისგან ვერ დაიცვა 7 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობაში უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხაზი გაუსვა, რომ ფეოდოსიის ტერმინალი ყირიმში ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი უმსხვილესი ობიექტია, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო არმიის საჭიროებებისთვისაც იყენებენ. უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზეც სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ...