ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა. ამავე დროს, ის ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა. 8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა. მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება. „ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია“, - განაცხადა იუროვამ. მისი თქმით, არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. „გასულ წელს, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, გაწევრების მოლაპარაკებების გასახსნელად. თუმცა, ამის ნაცვლად, მმართველი ოფიციალური პირები იღებენ კანონებს, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორა“, - განაცხადა მან. კანონებს შორის მან ჩამოთვალა „აგენტების კანონი“, ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც „მასობრივი პროტესტების მიუხედავად მიიღეს“, ასევე - ანტი-ლგბტ კანონი. ვერა იუროვამ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და განაცხადა: „ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას. თუკი ეს ზომები იქნება მიღებული, ეს შეეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ სურვილს და ევროკავშირის ღირებულებებს“. მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც. „ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს“. ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა. ...