2025 წლის 1 იანვრიდან რუსი მესაზღვრეები შეწყვეტენ სამსახურს სომხეთისა და ირანის საზღვარზე გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. სომხეთში რუსეთის "ეფესბეს" სასაზღვრო დეპარტამენტი მოიცავს ოთხ სასაზღვრო რაზმს: გიუმრიში, არმავირში, არტაშატსა და მეგრიში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ფაშინიანმა წარმოადგინა პროგრამა "მშვიდობის გზა ჯვარედინი". ეს არის ერევნის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნისა, რომელიც გადის სომხეთის სიუნიკის რეგიონის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აკავშირებს. გეგმის თანახმად, სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია იმუშავებს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. 31 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა შეწყვიტეს ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში სამსახური. შესაბამისი მოთხოვნა სომხეთის უშიშროების საბჭომ მარტში წამოაყენა. დღესვე პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, შეხვდა. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ალიევთან და ფაშინიანთან ზანგეზურის დერეფნის საკითხი განიხილა. 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთთან 44-დღიანი ომის შედეგად ყარაბაღის ტერიტორიები დაიბრუნა, ზანგეზურის დერეფანში სატრანსპორტო კავშირების კონტროლი რუსეთის "ეფესბეს" სასაზღვრო ჯარების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ასევე ნახეთ ყარაბაღის აღებიდან ერთი წლის შემდეგ, სომხები და აზერბაიჯანელები კვლავ სახლზე ოცნებობენ ...