ამერიკელი ჟურნალისტი, გამოცემა Washington Post-ის ყოფილი რეპორტიორი ბობ ვუდვორდი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ვუდვორდი წერს ახალ წიგნში „ომი“, რომლის გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე ზოგიერთი ფრაგმენტი ამერიკულმა მედიასაშუალებებმა 8 ოქტომბერს გაავრცელეს. ვუდვორდის წყაროა ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე, რომლის თანახმად, 2024 წლის დასაწყისში ტრამპმა ოთახიდან გასვლა სთხოვა, რადგან მოწმეების გარეშე სურდა პუტინთან სატელეფონო საუბარი. ბობ ვუდვორდი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2021 წლიდან, თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ტრამპი პუტინს, სავარაუდოდ, შვიდჯერ ესაუბრა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა სტივენ ჩონგმა ამ ცნობებს უწოდა სიცრუე და ავტორის ფანტაზია. გამოცემა New York Times-ის მიერ გამოკითხულმა თეთრი სახლის ოცმა ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მსგავსი კონტაქტების შესახებ არაფერი იცის. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა გამოცემას უთხრა, რომ ეს „საარჩევნო კამპანიის კონტექსტში ტიპური ყალბი ისტორიაა“. დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება. დემოკრატიული პარტიიდან ტრამპის მეტოქეა აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის ომიდან გაიყვანს დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს და რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. 10 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი ტელედებატების დროს, ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს. მან პირდაპირი პასუხი არ გასცა დებატების წამყვანის შეკითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. დონალდ ტრამპის პასუხი იყო, რომ ომის შეწყვეტა უნდა, რადგან მილიონობით ადამიანი იღუპება. ჰარისთან დებატებისას ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომლებიც მას, განსხვავებით ბაიდენისგან, პატივს სცემენ და შეუძლია, რომ კონფლიქტის მოგვარებას ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მიაღწიოს. დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ ტრამპის პოზიციას. კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ. ...