„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ადანაშაულებენ ზუგდიდში პარლამენტის არჩევნების გაყალბების მცდელობებში. ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მათი ოპონენტები ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ და მათზე ზემოქმედებას ცდილობენ. ამ თემაზე თავდაპირველად ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ. დეპუტატის მტკიცებით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. წითლიძის თქმით, მებონია, მმართველი პარტიის დავალებით, პირადობის მოწმობებს ართმევს ჰესის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს. გარდა ამისა, როგორც დეპუტატი ირწმუნება, „ენგურჰესის“ ადმინისტრაცია „რუს ოკუპანტებთან“ მოლაპარაკებებშიცაა ჩართული, რათა 24, 25 და 26 ოქტომბერს ჩაიკეტოს აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი. ენმ-ის წევრის თქმით, ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ხმის მიცემის უფლება წაართვას მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო დევნილებს. ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვს ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რომლებიც მედიისთვის არ წარუდგენია. თუმცა მან განმარტა, რომ მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონში მომუშავე ყველა სადამკვირვებლო მისიას გადასცა. „ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ავალებს ლევან მებონია ენგურჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას, ასევე გვაქვს მტკიცებულებები და უკვე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის რეგიონში, როგორ აწარმოებს ლევან მებონია მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან. მინდა მივმართო ლევან მებონიას - პირველი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებთ და რა დავალებები გაქვთ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯის შესახებ იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ შეგრჩებათ არცერთი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომ მოგვაწოდონ დამატებითი მტკიცებულებები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ადამიანს ლევან მებონიას უკანონო ბრძანებებისგან“, - განაცხადა ანა წითლიძემ. მან ლევან მებონიას მსგავსი ბრალდე...